რადგან კაკაო შოკოლადის მთავარი ინგრედიენტია, ხოლო თხილი ხშირად შოკოლადთან ერთად გამოიყენება, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ შოკოლადის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს, რადგან ეს ცვლილებები აუცილებლად გავლენას მოახდენს თხილის ინდუსტრიაზეც.
ბოლო წლებში კაკაოს წარმოებაში მუდმივი დეფიციტი შეინიშნება, რაც ფასების რეკორდულ ზრდას იწვევს. Financial Times ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ხაზს უსვამს, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობა შოკოლადის მწარმოებლებისთვის არასასურველია. სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ისინი იმედოვნებდნენ, რომ ფასები დასტაბილურდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დროებითი შვება იყო.
წლის დასაწყისში 1 ტონა კაკაოს ფასი $4,400-ს შეადგენდა. აპრილში ფიუჩერსის ფასები $12,000-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ათწლეულის საშუალო ფასს ($3,400) მნიშვნელოვნად აღემატებოდა. მაისისთვის ფასი $7,000-მდე დაეცა, მაგრამ ეს მალევე შეიცვალა. დეფიციტი, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდება, კიდევ უფრო მკვეთრ ზრდას იწვევს.
შოკოლადის მწარმოებლებმა ამ მდგომარეობაში შეცდომა დაუშვეს: ფასების შემცირებაზე დადეს ფსონი და მარაგები შეამცირეს. ადრე კომპანიები 8-9 თვის მარაგს ინახავდნენ, ახლა კი ეს მაჩვენებელი 5 თვემდე დავიდა.
მოსავლის შემცირების გამოწვევები
მაისიდან აგვისტომდე მოსავლიანობის დროებითმა ზრდამ მწარმოებლებს იმედი მისცა, რომ პრობლემები დაძლეულ იქნებოდა. თუმცა 2023-24 წლების სეზონის 500,000 ტონის დეფიციტის შემდეგ, მდგომარეობა გაუარესდა. ეს ზედიზედ მესამე და ყველაზე დიდი დეფიციტი იყო ისტორიაში.
მოსავლის შემცირება კოტ-დ’ივუარსა და განაში სუსტი წარმოებით იყო განპირობებული. ამ ქვეყნები გლობალური კაკაოს 60%-ს აწარმოებენ, თუმცა პრობლემები არა მხოლოდ ამინდს უკავშირდება. გლობალური დათბობა, სასუქების დეფიციტი, დასავლეთ აფრიკის ხეების გადაბერება და “მოსავლის მკვლელი” ვირუსის გავრცელება სიტუაციას ართულებს.
ვირუსი, რომელიც მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს, დასავლეთ აფრიკის პლანტაციების 67%-შია გავრცელებული. ამ ტენდენციის გაგრძელებამ შესაძლოა გლობალურ კაკაოს ბაზარს უდიდესი დარტყმა მიაყენოს.
ისტორიული გაკვეთილები
კაკაოს წარმოების პრობლემები არ არის ახალი. 1989 წელს ბრაზილიაში კაკაოს ხის დაავადებამ წარმოება ხუთ წელიწადში 70%-ით შეამცირა. ასევე, 1970-იან წლებში განაში კაკაოს ვირუსმა წარმოება 50%-ით შეამცირა.
ისტორიული მონაცემების მიხედვით, მსგავსმა პრობლემებმა 1977 წელს კაკაოს ფასი ტონაზე $28,000-მდე აიყვანა. მაშინ მიწოდებასთან დაკავშირებული სირთულეები ხუთი წელი გაგრძელდა. თუ მსგავსი კრიზისი ახლა დასავლეთ აფრიკაში განმეორდება, გლობალური ბაზარი ვერ შეძლებს დეფიციტის შევსებას, რადგან ახლად დარგულ ხეებს მოსავლის მისაღებად ოთხი წელი სჭირდებათ. ეს კი კაკაოს ფასების ახალ რეკორდულ ნიშნულამდე ზრდას ნიშნავს.
რა გავლენა ექნება კაკაოს ფასის ზრდას თხილის ფასზე?
მოდით, ჯერ გავაანალიზოთ ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც შეიძლება თხილის ფასის შემცირებას ან ზრდას განაპირობებდეს. დავიწყოთ იმ ფაქტორებით, რომელთა მიხედვით კაკაოს ფასების ზრდამ თხილის ფასების ზრდას უნდა შეუწყოს ხელი:
- კაკაოს ფასების ზრდის პირობებში, მწარმოებლებმა შეიძლება შეამცირონ შოკოლადის პროდუქტებში კაკაოს შემცველობა (იმისათვის რომ ხარჯები შეამცირონ). შესაბამისად, თხილი შეიძლება გახდეს კაკაოს ყველაზე მარტივი შემცვლელი, განსაკუთრებით ისეთ პროდუქტებში, როგორიცაა შოკოლადის სპრედები ან პრალინები, სადაც თხილს შეუძლია გემოს და მოცულობის დამატება. თხილის გაზრდილმა მოხმარებამ, როგორც კაკაოს ალტერნატივამ, შეიძლება მოთხოვნის ზრდა და, შესაბამისად, ფასების მატება გამოიწვიოს.
- თუ კაკაოს ფასები გაიზრდება, მწარმოებლები ტკბილეულ პროდუქტებს უფრო ექსკლუზიურ პროდუქტებად წარადგენენ, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქტებში თხილი შოკოლადის გემოს გასამდიდრებლად დიდი ოდენობით გამოიყენება. ამ ფაქტორმა თხილზე მოთხოვნა უნდა გაზარდოს.
- ზოგადად პროდუქტზე ფასების ზრდა მომხმარებლების მოთხოვნას ამცირებს, მაგრამ კაკაოს შემთხვევაში ასე არ ხდება. მაგალითად, ადამიანი, ვინც ყოველდღე 50 გრამ 70%-იან შოკოლადს მიირთმევს, დღეში მხოლოდ 35 ცენტს ხარჯავს კაკაოზე. თუნდაც ფასი გაორმაგდეს, ასეთი მომხმარებელი მის ჭამას არ წყვეტს. ანალიტიკოსები კი 2025 წელს შოკოლადის ფასის მხოლოდ 10% იან ზრდას ელიან.
- კაკაოს ფასების ზრდის შედეგად, მწარმოებლებმა შეიძლება დაიწყონ უფრო მეტად თხილზე ორიენტირებული პროდუქტების წარმოება, მაგალითად, ნუგატი, პრალინები ან თხილის სპრედები, რაც კიდევ უფრო გაზრდის თხილზე მოთხოვნას.
ეხლა კი პირიქით, ჩამოვთვალოთ ის ფაქტორები, რომლის მიხედვითაც კაკაოზე მაღალმა ფასებმა თხილის ფასები უნდა შეამციროს:
- კაკაოს ფასების ზრდა შოკოლადის მწარმოებლებისთვის წარმოების ხარჯებს ზრდის. განსაკუთრებით მასობრივი მოხმარების შოკოლადის პროდუქტები: შოკოლადის ფილები, სპრედები და ტკბილეულობა, რომლებიც შეიცავს თხილს, შესაძლოა, უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლების ფართო წრისთვის.
- თხილის მსხვილმა შემსყიდველებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა გაიღონ, რათა კაკაოს ფასების ზრდის გავლენა შეამსუბუქონ და ამ პროცესში თხილის მომწოდებლებს ფასების შემცირებაზე ზეწოლა განახორციელონ. (მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშავებს მხოლოდ)
- თუ კაკაოს ფასი ძალიან გაიზრდება, მწარმოებლებმა შეიძლება შეამცირონ ორივე ინგრედიენტის, კაკაოს და თხილის გამოყენება და გადაერთონ იაფ ალტერნატივებზე, რაც თხილზე მოთხოვნას შეამცირებს. (სავარაუდოდ, ეს ეფექტიც მხოლოდ
მოკლევადიან პერსპექტივაში იმუშავებს).
საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, ზუსტი პროგნოზის გაკეთება ამ ეტაპზე რთულია – რომელი ფაქტორირომელს გადაწონის, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ კაკაოს ფასები დიდხანს დარჩება მაღალ ნიშნულზე, მწარმოებლები აუცილებლად გადავლენ რეცეპტებისა და პროდუქტების ფორმულის შეცვლაზე, რაც, დიდი ალბათობით, თხილზე მოთხოვნას და მის ფასს უფრო სტაბილურს და მაღალს გახდის.
თუ მოგწონთ მსგავსი სტატიები, მოიწონეთ ჩვენი გვერდი. ჩვენი ორგანიზაცია, მეთხილე ფერმერთა კავშირი, აერთიანებს ინდუსტრიული სიდიდის ბაღების მფლობელ ფერმერებს საქართველოში.
23 დეკემბერი, 2024წ