რა ზომები უნდა იქნას მიღებული თხილის ნაყოფის წაყინვების რისკის შესამცირებლად?
ბოლო დღეებში, რაც გაზაფხულისთვის უჩვეულოა, ძლიერი სიცივეების გამო შავი ზღვის რეგიონში თხილის კულტურა წაყინვების რისკის წინაშე დადგა.
ვინაიდან თურქეთში თხილის კულტურა მაღალმთიან რაიონებში ფართოდაა გავრცელებული, თურქეთის სამთავრობო უწყებამ გამოსცა რეკომენდაციები, თუ რა საპრევენციო ღონისძიებებია ჩასატარებელი თხილის ბაღებში, რათა წაყინვების რისკი მაქსიმალურად შევამციროთ.
თხილის ბუჩქის გაღვიძება მარტში იწყება, თუმცა ეს პროცესი ე.წ მატყუარა გაზაფხულის გამო, შესაძლოა საჭირო დროზე უფრო ადრე დაიწყოს.
თურქეთის სოფლის მეურნეობის პალატის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნაზარდები, რომლებიც მარტი-აპრილის თვეში კვირტების გახსნისას წარმოიქმნება, დაზიანებას იწყებს -4 გრადუსზე. დაზიანების სიმძლავრე დამოკიდებულია სიცივის ხანგრძლოვობაზე. უკვე აშკარა დაზიანება თვალსაჩინო ხდება -6 გრადუსზე.
ყინვისგან დაზიანებული ნაწილები ყავისფრდება და ცოტა ხნის შემდეგ ხმება.
ამგვარად, გაზაფხულის სეზონის მოახლოებისთანავე მნიშვნელოვანია ფერმერებმა თვალყური ადევნონ ამინდის პროგნოზს, რათა არ გამორჩეთ ინფორმაცია მოსალოდნელი ყინვების შესახებ.
ქვემოთ მოცემულია საპრევენციო ღონისძიებათა ნუსხა, რომელთაც თურქეთის მთავრობა ფერმერებს ურჩევს წაყინვის რისკის შესამცირებლად.
- კვამლის გამოყენება– სხვადასხვა მასალის დაწვით მიღებული კვამლის გამოყენება, ფართოდ დამკვიდრებული მეთოდია. ფერმერები პლანტაციაში ქარის მიმართულების პარალელურად, წვავენ ჩალას და სხვადასხვა მცენარეების ნარჩენებს. ამით ცდილობენ რომ თხილის მცენარეები და მიწის ზედაპირი კვამლით დაფარონ.
- ხელოვნური ნისლი– გაგიკვირდებათ და წყლის ორთქლის ჰაერში შესხურება ხელს უწყობს ტემპერატურის შენარჩუნებას.
- ჰაერის მასების აღრევა– ყინვის ზიანის მინიმუმამდე დაყვანა ასევე შესაძლებელია ნიადაგის ზედაპირზე ცივი და მცენარის ზემოთ არსებული თბილი ჰაერის მასების ერთმანეთში აღრევით. გამოიყენეთ ჰაერის ნაკადის წარმომქმნელი ვენტილატორები, პროპელერები და სხვა.
- ნიადაგის მორწყვა- ეს მეთოდი ერთერთი ყველაზე ეფექტურია, როდესაც წყალი იყინება ის სითბოს გადასცემს გარემოს, რაც ხელს უშლის უშუალოდ ნიადაგის ზედაპირზე ტემპერატურის დაცემას.
- სითბური დანაკარგის შემცირება– ნიადაგის ტემპერატურის შესანარჩუნებლად შეგიძლიათ ნიადაგი დაფაროთ სხვადასხვა მცენარეთა ნარჩენებით.
- საგაზაფხულო აქტივობების შეჩერება- მნიშვნელოვანია რომ ყინვების პროგნოზის წინა პერიოდში შევაჩეროთ ისეთი აქტივობები, როგორებიცაა ნიადაგის გაფხვიერება, აზოტით გამდიდრება და სხვა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თხილის ნაადრევად გამოღვიძებას, რაც ყინვების შემთხვევაში დამაზიანებელია.
- კვება- და ბოლოს, ისევე, როგორც ყველა ცოცხალ არსებას, თხილსაც, კლიმატური სტრესის გადასალახად, კარგი კვება ჭირდება. განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ კალიუმს. კალიუმით მაძღარი მცენარე ყინვის მიმართ საკმაო მედეგი ხდება.
წყარო: findiktv