ფოსფორისა და კალიუმის ნიადაგში შეტანის დრო
ოკლაჰომის შტატის, ნოუბლის კვლევითი ცენტრის კონსულტანტი, დოქტორი ედი ფანდერბერგი გვიზიარებს როდისაა საუკეთესო დრო ფოსფორისა და კალიუმის ნიადაგში შეტანისათვის.
ხშირად, ფერმერები იღებენ ნიადაგის ნიმუშებს და აგზავნიან ლაბორატორიაში, რათა მიიღონ რეკომენდაციები ფოსფორისა და კალიუმის სწორად გამოყენების შესახებ.
ფერმერებმა მეტ-ნაკლებად იციან რომელ თვეში უნდა გამოიყენონ აზოტი, თუმცა ბევრს აინტერესებს შეიძლება, თუ არა ფოსფორისა და კალიუმის გამოყენება წლის სხვადასხვა დროს, მაგალითად, შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში.
პასუხი კითხვაზე, თუ რომელ თვეში უნდა გამოვიყენოთ კალიუმი და ფოსფორი, შემდეგია: გააჩნია, ეს დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორზე.
კალიუმი ხშირად გამოიყენება შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. კალიუმი ქიმიურად არ ერწყმის ნიადაგს. ის, როგორც დადებითად დამუხტული ნივთიერება, მაგნიტურად ემაგრება ნიადაგში არსებულ უარყოფითად დამუხტულ თიხისა და ორგანული წარმოშობის ნაწილაკებს. თუ ეს უკანასკნელნი საკმარისი ოდენობით არ არის ნიადაგში, მაშინ შესაძლებელია კალიუმი ნიადაგში ჩაირეცხოს. კალიუმის ჩარეცხვის რისკი უფრო მეტია ქვიშობ ნიადაგებში, რადგან მსგავს ნიადაგებში ქვიშის ხვედრითი წილი დიდია, ხოლო თიხისა კი – მცირე. როცა ნიადაგში თიხისა და ორგანიკის ოდენობა საკმარისია, მაშინ დასაშვებია კალიუმის შეტანა შემოდგომასა და ზამთრის პერიოდში. (იგულისხმება ზაფხულის კულტურები).
რა რაოდენობის თიხისა და ორგანიკის ნაწილაკებია საკმარისი?
ნიადაგის ანალიზის შედეგებს თუ წავიკითხავთ, შევამჩნევთ კატეგორიას ,,CEC’’, რაც ქართულად ითარგმნება როგორც კატიონების ურთიერთცვლის უნარი. სწორედ ესაა ის პარამეტრი, რომელიც აფასებს ნიადაგის უნარს შეიკავოს და გარდაქმნას დადებითად დამუხტული ნაწილაკები, ისეთები როგორიცაა კალიუმი.
თუ CEC-ის პარამეტრი 4 – ზე ნაკლებს გვიჩვენებს, დიდია ალბათობა კალიუმი ნიადაგიდან ჩაირეცხოს. ამ შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა კალიუმი გამოიყენოთ უშუალოდ იმ თვეებში, როცა მცენარეს ყველაზე მეტად ესაჭიროება კალიუმი. იმ შემთხვევაში თუ CEC პარამეტრი 8- ზე მაღალია, კალიუმის დაკარგვის ალბათობა ძალიან მცირეა, ამგვარად, მისი ნიადაგში შეტანა შეიძლება წლის ნებისმიერ დროს. თუ კოეფიციენტი 4-სა და 8-ს შორისაა, კალიუმის ჩარეცხვა მხოლოდ ჭარბი ნალექის შემთხვევაშია მოსალოდნელი.
ახლა კი, რაც შეეხება ფოსფორს. ფოსფორი ნიადაგში განსხვავებულად მოქმედებს, ვიდრე კალიუმი. ნაცვლად ნიადაგში არსებულ ნაწილაკებთან ფიზიკურად, მაგნიტურად მიმაგრებისა, ფოსფორი ნიადაგს ქიმიურად, განსაზღვრული ელემენტების დახმარებით ერწყმის.
ფოსფორის მოქმედების სიძლიერე და ხანგრძლოვობა დამოკიდებულია ნიადაგის მჟავიანობის, PH,– ის მაჩვენებელზე. თუ pH 7 – ზე მაღალია, მაშინ ითვლება, რომ ნიადაგი ტუტეა, ხოლო თუ 7 – ზე ნაკლები – მჟავე. როდესაც შვიდს უდრის – საქმე გვაქვს ნეიტრალური მჟავიანობის ნიადაგთან. ფოსფორი მცენარეებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მაშინაა, როცა ნიადაგის PH 6- სა და 7-ს შორისაა.
როცა ნიადაგის PH ტუტეა, ფოსფორი იბოჭება კალციუმის ნაწილაკების მეირ. რაც უფრო მაღალია PH, მით უფრო ძლიერად არის ფოსფორი შებოჭილი. როცა PH 8- ზე მაღალია, იგი თითქმის ხელმიუწვდომელი ხდება მცენარისათვის.
იმ შემთხვევაში, როცა ნიადაგი არის მჟავე რეაქციის, ფოსფორი იბოჭება რკინისა და ალუმინის ნაწილაკების მიერ და ხდება ნაკლებად ხელმისაწვდომი მცენარისათვის.
თუ ნიადაგში PH -ის მაჩვენებელი 5,5 ზე ნაკლებია, მიიჩნევა, რომ ნიადაგი მაღალ- მჟავიანია, ამ დროს ფოსფორი იბოჭება და იგი მცენარისთვის ხდება ნაკლებად ხელმისაწვდომი. რაც უფრო მაღალია მჟავიანობა მით უფრო შებოჭილია ფოსფორი.
რას ნიშნავს ეს პრაქტიკული თვალსაზრისით? საუკეთესო დრო ფოსფორის ნიადაგში შესატანად არის დრო, როდესაც მცენარეს უშუალოდ ესაჭიროება ფოსფორი. ეს პერიოდია გაზაფხული. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თუ ნიადაგის PH -ი 6-სა და 7-ს შორის მერყეობს, ანუ მაშინ, როცა ნიადაგი ნიეტრალური რეაქციისაა, ფოსფორის შეტანა დასაშვებია შემოდგომასა და ზამთარში.
მცენარეებისთვის ფოსფორის ხელმისაწვდომობა მჟავე ნიადაგში შეიძლება გაუმჯობესდეს კირის შეტანის შემთხვევაში. კირის შეტანის დოზები დგინდება ნიადაგის ანალიზის მიხედვით.
ფოსფორი და კალიუმი აუცილებელი ნივთიერებებია მცენარის ზრდისა და განვითარებისთვის. ნიადაგის ანალიზი გვაძლევს საშუალებას განვსაზღვროთ ამ ელემენტების დამატების საჭიროება და მათი ოდენობა.
მოცემულ სტატიაში არსებული ინფორმაცია დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ ფასფორისა და კალიუმის გამოყენების დრო, რაც ერთობ მნიშვნელოვანი კომპონენტია მცენარის კვების დაგეგმვისას.