Skip to content

თხილის სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებები

თხილის ყვავილის მტვრით გავრცელებული სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებები

მცენარეთა პათოგენების შემსწავლელი საზოგადოების მე-17 კონგრესზე პირველად გამოქვეყნდა სტატია თხილის მჭადა ყვავილის მტვრით გავრცელებული პათოგენური სოკოების ანალიზის შედეგებზე.

ცნობილია, რომ ბევრი მწერი მცენარის ვირუსული დაავადების გადამტანია, მწერები, ასევე აინფიცირებენ თხილის მტვერს. თხილის ყვავილის მტვრის მარცვლებზე სახლობს მრავალი პათოგენური სოკო.

თხილის მჭადა ყვავილის მტვერი მდიდარია იმ საკვები ნივთიერებებით, რაც საჭიროა პათოგენური სოკოების არსებობისთვის. ყვავილის მტვრით არამარტო ვირუსული, არამედ სოკოვანი დაავადებებიც ვრცელდება. ამას მოწმობს Marques et al -ის კვლევა, სადაც იგი ვარაუდობს, რომ ანთრაქნოზის გამომწვევი სოკოვანი დაავადების სპორები სწორედ მტვრის საშუალებით უნდა ვრცელდებოდეს.

დღემდე არ ყოფილა ჩატარებული რაიმე ოფიციალური კვლევა თხილის კულტურაში, რომელიც დაადგენდა ვრცელდებოდა თუ არა თხილის გულის სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებები თხილის ყვავილის მტვრის საშუალებით.

აღნიშნული საკითხის შესასწავლად ჩატარდა კვლევა იტალიაში, პიედმონტის რეგიონში, ორი ადგილობრივი ჯიშის თხილის ყვავილის მტვერზე. პირველი თხილის ჯიშია: Tonda Gentile Trilobata (TGL), ხოლო მეორე, Tonda di Giffoni (GF).

ანალიზის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ ყვავილის მტვერზე სახლობს უამრავი სოკოვანი მიკროორგანიზმი, რომელთაგან ბევრი მცენარისათვის საშიში პათოგენია. პათოგენური სოკოებიდან ყველაზე გავრცელებული ტიპი აღმოჩნდა ანთრაქნოზის (ყავისფერი სიდამპლის) გამომწვევი პათოგენური სოკო – Colletotrichum Lagenaria, რომელიც Giffoni-ის შემთხვევაში 26.73% მიაღწია, ხოლო TGT-ის შემთხვავაში 19.41%. გარდა ამისა, აღმოჩენილია სხვა ფიტოპათოგენური სოკოების გვარები, ისეთები, როგორიცაა: Fusarium spp. (მაგ. F. lateritium), Alternaria spp., Cladosporium spp., Ramularia spp.

ეს უკანასკნელი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით TGT ჯიშის თხილის მტვერზე სახლობდა. (აღსანიშნავია, რომ ყველა ეს სოკოვანი დაავადება,  ასევე საკმაოდ გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში- ავტ.) ანალიზმა აჩვენა რომ თხილის მტვერზე, ასევე სახლობდა მრავალი ეპიფიტური და საპროფიტული სოკო.

არსებული კვლევა იძლევა საშუალებას, თხილის გულის სიდამპლის გამომწვევი სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს.

კვლევა განხორციელდა 2022 წელს, CREA DC-ის მიერ SAGEA Centro di Saggio-სთან თანამშრომლობით და Ferrero ჯგუფის მხარდაჭერით.

წყარო: www.nocciolare.it