თხილის ფასი საქართველოში და თურქეთში 2022 სეზონი
თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაცია TMO-მ, რომელიც თხილის ერთ ერთი უდიდესი შემსყიდველია, წელს ოფიციალურად შესყიდვები 22 აგვისტოს დაიწყო. გულის 50%-იანი გამოსავლიანობის თხილის ფასი განსაზღვრა 52 ლირის ოდენობით, რაც 8.12 ლარის ექვივალენტია. ფასი პროპორციულად იზრდება ან კლებულობს გულის გამოსავლიანობის შესაბამისად. TMO მკაცრად განსაზღვრავს შესასყიდი თხილის ხარისხის მინიმალურ მოთხოვნებს:
- ტენის შემცველობა: არაუმეტეს 6.5%.
- გულის გამოსავლიანობა: არანაკლებ 40%.
- დაჭმუჭნული გულის წილი: არაუმეტეს 10%.
- ვიზუალური სიდამპლე: არაუმეტეს 3%.
- უცხო სხეულები (კენჭი, ტოტი მისთ.): არაუმეტეს 1%.
- შარშანდელი მოსავლის წლევანდელ მოსავალში გადარევა იკრძალება.
თხილის ფასი თურქეთში ჯერ-ჯერობით ჩამოყალიბების პროცესშია, აღსანიშნავია, რომ თავისფალ ბაზარზე თხილის ფასი შეიძლება TMO-ს ფასზე მაღალი ან დაბალი გახდეს. ორივე სცენარი მოსალოდნელია.
რა ვითარებაა დღეს საქართველოში?
საქართველოში თხილის ფასი 3.5 ლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, ვიდრე თურქული თხილის ფასს ქართულისას შევადარებთ, მნიშვნელოვანია ერთმანეთს თხილის ხარისხობრივი პარამეტრები შევადაროთ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მონაცემები ქვემოთ მოცემულ ცხრილში გამოკითხვებით არის შედგენილი და სტადარტულ სტატისტიკურ კვლევებს არ ეფუძნება, თუმცა ზოგადი სურათის აღსაქმელად სრულიად საკმარისია.
N |
ხარისხის პარამეტრი |
საშუალო მეგრული თხილი |
საშუალო თურქული თხილი |
1 |
გულის გამოსავლიანობა |
35% |
45% |
2 |
ტენიანობა |
17% |
6.5% |
3 |
დაჭმუჭნული გული |
3% |
1% |
4 |
სიდამპლე, ვიზუალურად ხილული |
9% |
3% |
5 |
სიდამპლე, უხილავი, შიდა |
4% |
1% |
|
ფასი |
3.5 ლარი |
7.3 ლარი |
მოდით, ახლა ვიანგარიშოთ რა ეღირებოდა თურქული თხილი, მას რომ საშუალო მეგრული თხილის ხარისხის პარამეტრები ჰქონდეს.
პირველი, შევამციროთ გამოსავლიანობა 7.3:45%X35%=5.68 ლარი. მეორე, გამოვაკლოთ ტენიანობას შორის სხვაობა 5.68-(17%-6.5%)=5.52 ლარი. მესამე, დაჭმუჭნული გულების პარამეტრებში სხვაობა 2% (3%-1%), 5.52-2%=5.4 ლარი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თურქეთში ეს ფასი ქარხანაში მიტანილი თხილისაა, ხოლო საქართველოში ფერმერების უმეტესობა გადამყიდველებს აბარებს თხილს, რომლებიც თავის მხრივ საშუალოდ, 30 თეთრს ამატებენ. საჭიროა ეს 30 თეთრიც დავაკლოთ ზემოთ მიღებულ თანხას, მივიღებთ 5.4-0.3=5.1 ლარი.
ქართული თხილისა და ბიზნესის ცუდი რეპუტაციის გამო იგივე ხარისხის თურქულ თხილთან შედარებით, ქართული თხილი უცხოურ ბაზრებზე საშუალოდ 7%-ით ნაკლებ ფასად იყიდება. ესეც რომ გამოვაკლოთ, მივიღებთ 5.1-7%=4.74 ლარი. ბაზარზე ქართული თხილის ღირებულება 3.5 ლარია.
ქართული თხილი საშუალოდ ერთი ლარით მაინც იაფი გამოდის, რაც იმით აიხსნება, რომ ქართული თხილის ფარული სიდამპლის მაჩვენებელი (ზედა ცხრილში მე5 პუნქტი) 4-ჯერ აღემატება თურქულისას.
ეს ფაქტორი, მინიმუმ, ერთი ლარის დისკვალიფიკაციას აძლევს ქართულ თხილს.
არის კიდევ სხვა ფაქტორებიც, თუმცა ყველას ამ სტატიაში ვერ ჩამოვთვლით, რადგან ზედმეტად ტექნიკური გამოგვივა. ანუ, ზემოთ მოყვანილი ანგარიში გვაჩვენებს, რომ თუ ავიღებთ თურქული თხილის ფასს და პროპორციულად შევამცირებთ ქართული თხილის ხარისხის დონემდე, დაახლოებით მივიღებთ იმ ფასს, რაც გვაქვს დღეს ბაზარზე.
ყველაზე დასანანი ისაა, რომ ბევრი ფერმერი, რომელსაც მართალია მცირე რაოდენობით, მაგრამ სხვასთან შედარებით კარგი ხარისხის თხილი მოჰყავს, ყველაზე მეტად იჩაგრება, რადგან მათ თხილშიც იგივე, საშუალო ხარისხის თხილის ფასს უხდიან.
შემსყიდველები ხსნიან, რომ საფუძვლიანად ხარისხის დადგენა რამოდენიმე ასეული კილოგრამის მფლობელ ფერმერებისთვის ფიზიკურად ძალიან რთულია, ამიტომ შედარებით მარტივ მეთოდს ე.წ. 10 თხილის გატეხვის მეთოდს ირჩევენ. რადგან ხარისხის დადგენის ამ მეთოდს ცდომილების დიდი რისკი აქვს, შემსყიდველები თავს იზღვევენ ფასის კიდევ უფრო შემცირებით.
რა ეშველება თხილის ფასს საქართველოში?
მოკლე ვადიან პერსპექტივაში საქართველოში თხილის ფასის გაუმჯობესება თურქეთის ბაზარზე ფასის აწევამ უნდა გამოიწვიოს, რასაც ჩვენ მოველით. დრამატულ ცვლილებებს არ ველით, თუმცა TMO- ს ინტერვენციით თხილის შესყიდვის დაწყება ფასს დიდი ალბათობით გაზრდის.
რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, აქ ერთი რამ დღესავით ნათელია: სანამ დასავლეთ საქართველოში მოყვანილი თხილის ხარისხი მასიურად არ გაუმჯობესდება, ფასი ყოველთვის დაბალი დარჩება.
მაგალითად, კახეთში მოყვანილ ხარისხიან თხილში, გაცილებით მეტს, თითქმის იგივეს, იხდის ქართველი შემსყიდველი, რასაც თურქეთში იხდიან.
ხარისხის პირველი მტერი დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანაა, რომელსაც მრავალი წელია ვებრძვით, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს ბრძოლა თხილის ხარისხის გაუმჯობესებაზე ნაკლებად ისახება.
აზიური ფაროსანა არა მარტო თხილის ნაყოფს ვნებს, არამედ გადამტანია სიდამპლეების გამომწვევი დაავადებებისა, რაც თხილის გულის გამოსავლიანობაზე უარყოფითად ისახება. თხილის ფასის ვარდნა პირდაპირ დაკავშირებულია აზიური ფაროსანას გავრცელებასთან დასავლეთ საქართველოში.
აზიური ფაროსანას გამოჩენის შემდეგ დასავლეთ საქართველოში თხილის ფასი კატასტროფულად შემცირდა.
თხილის ხარისხის მეორე მტერი კრეფის პროცესის დროში გახანგრძლივებაა. ხარისხის პარამეტრები თხილის ტენიან ნიადაგზე დიდხანს ყოფნისას რადიკალურად უარესდება. კრეფის დროში გახანგრძლივებას თავის მხრივ იწვევს დეფიციტური და საკმაოდ ძვირი მუშა ხელი.
როგორ შეიძლება თურქი ფერმერი თხილს ორჯერ უფრო ძვირად ყიდდეს, ვიდრე ქართველი, ხოლო კრეფა იგივე, ან უფრო იაფი უჯდებოდეს?!
თვალყური ადევნეთ ჩვენი, მეთხილე ფერმერთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩვენს ფეისბუქ და ვებ გვერდებზე (www.hfu.ge), რათა მაქსიმალურად ობიექტურ ინფორმაციას ფლობდეთ დარგში.
ჩვენი კავშირი აერთიანებს მსხვილ მეთხილე ფერმერებს, მათ ვისაც 15 ჰა და მეტ თხილის პლანტაციებს ფლობს (სულ 30-მდე სუბიექტი). ჩვენ არ ვყიდულობთ თხილს და არც ვვაჭრობთ შხამქიმიკატებით, არც ვაპირებთ. ჩვენ ვართ უშუალოდ ფერმერების გაერთიანება, რომელიც შეძლებისდაგვარად ცდილობს დარგის განვითარებაში მცირეოდენი წვლილი შეიტანოს. მანამდე კი, მეთხილეებს ბარაქიანი მოსავლის აღებას ვუსურვებთ და, რა თქმა უნდა, მაღალ ფასს, რათა სათანადოდ დაფასდეს მეთხილე კაცის შრომა.
Design by BLH