კაოლინის გამოყენება ზაფხულის სიცხისგან გამოწვეული სტრესის საწინააღმდეგოდ
პერუჯას უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიკვლიეს კაოლინის (თეთრი თიხის) ახალი ფორმულაცია, (რომელიც შეიცავს 100%-იან ალუმინის სილიკატს,) ზაფხულის მაღალი ტემპერატურული სტრესის ზემოქმედების შესამცირებლად, რაც დადებითად აისახება თხილის მოსავლის როგორც ოდენობაზე, ასევე მის ხარისხზე.
2018 წლის ზაფხულში, კაოლინი სამჯერ გამოიყენეს Tonda di Giffoni ჯიშის ახალგაზრდა თხილის მცენარეებზე. გამოყენებული კონცენტრაცია შეადგენდა 3 % -ს. კაოლინის შეტანა განხორციელდა მას შემდეგ, რაც მიყოლებით 2-3 დღის განმავლობაში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აჭარბებდა 35° გრადუსს.
,,კაოლინის გამოყენებამ გაზარდა ფოთლის ზედაპირიდან მზის სხივის არეკვლა, შეამცირა ფოთლების ტემპერატურა 2.9 °C -დან 6.9 °C -მდე, შესაბამისად, შემცირდა სიცხისგან გამოწვეული უარყოფითი ზემოქმედებაც.
აღსანიშნავია, რომ ამ ყოველივეს რაიმე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა არ მოუტანია, არც ფოტოსინთეზის და არც მცენარის სუნთქვის თუ წყლის მოხმარების ეფექტურობაზე,, – ახსნა ერთ-ერთმა მკვლევარმა.
სარწყავი წყლის დეფიციტის პირობებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კაოლინმა მნიშვნელოვნად შეამცირა მცენარის ფოთლის მიერ წყლის აორთქლების პროცესი.
მიუხედავად, შემცირებული ფოთლის ტემპერატურისა, გაიზარდა წინაღობა ფოთლის ფორებში. ამის გამო, იმ მცენარეებში, სადაც კაოლინი იყო შეტანილი, ბევრად დაბალი იყო ფოტოსინთეზის, წყლის აორთქლებისა და მისი ეფექტურად გამოყენების მაჩვენებელი, ვიდრე იმ მცენარეებში, სადაც კაოლინი არ იყო გამოყენებული.
მოსავლის აღების შემდგომ კი, ეს მაჩვენებლები გაუმჯობესდა და ბევრად მაღალი გახდა კაოლინით დამუშავებულ ბუჩქებზე, ვიდრე დაუმუშავებლებზე.
მორწყვის დაწყებისას, კაოლინით დამუშავებულ მცენარეებში მაღალი იყო ფოტოსინთეზისა და წყლის ეფექტურად გამოყენების მაჩვენებელი, ხოლო ტრანსპირაციით წყლის დაკარგვის მაჩვენებელი – დაბალი.
ამასთან, აღსანიშნია, რომ ზაფხულის წვიმებმა ვერ მოახერხეს კაოლინის საფარის მთლიანი ჩამორეცხვა. იმ საშუალო რაოდენობამ კი, რაც დარჩა ფოთოლზე, ხელი შეუწყო ბიოლოგიური პროცესების ეფექტურად წარმართვას. მოსავლის აღების პერიოდში, კაოლინით დამუშავებულმა თხილის ბუჩქებმა აჩვენეს ბევრად უკეთესი შედეგი, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად. ასევე, გაუმჯობესდა ნაყოფში ზეთის შემცველობა.
მკვლევართა თქმით, კაოლინის გამოყენება ეფექტური სტრატეგიაა ანომალიურად მაღალი ტემპერატურების დროს, რაც გლობალური დათბობის გამო უფრო და უფრო ხშირი მოვლენა ხდება . ასევე, საშუალებას გვაძლევს გავაფართოოთ თხილის კულტივირების არეალი და დავიწყოთ მისი გაშენება იქ, სადაც თხილის მოყვანის ერთ-ერთ შემზღუდველ ფაქტორად, სწორედ, მაღალი ტემპერატურა და მისგან გამოწვეული სტრესი გვევლინება.