აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური სტრატეგია: რა არის მავნებლის სიმბიოზური კონტროლი?

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ინოვაციური სტრატეგია: რა არის მავნებლის სიმბიოზური კონტროლი?

აზიური ფაროსანა ნებისმიერი მრავალწლიანი, თუ ერთწლიანი კულტურისთვის წარმოადგენს უზარმაზარ საფრთხეს. დასავლეთ საქართველოში, იქ, სადაც მისი გავრცელების ყველაზე ფართო არეალია, უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს აყენებს თხილის პლანტაციების მეპატრონეებს. თხილი კი, ნომერ პირველი ექსპორტირებადი აგრო-პროდუქტია საქართველოში.

აზიური ფაროსანა, ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, პირველად კავკასიის რეგიონში 2014 წელს ქალაქ სოჭში გამოჩნდა.

სამეგრელოში პირველად  2015 წელს შეინიშნა. 2016 წელს უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკლებლივ ყველა აგრო-კულტურას დასავლეთ საქართველოში. 2017 წლიდან სახელმწიფო აქტიურად ჩაერთო ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში.

ამ პარაზიტის წინააღმდეგ სპეციალისტები იყენებენ როგორც ქიმიურ, ისე მექანიკურ ბრძოლის მეთოდებს. დღესდღეობით კი, საფუძველი ეყრება ახალ ბიოლოგიურ ბრძოლის სტრატეგიასაც, ამ მხრივ, ნიშანდობლივად აღსანიშნავია იტალიის პროგრესი, რომელიც თხილის წარმოების სიდიდით მეორეა  მსოფლიოში.

სამურაი კრაზანა (ლათ. Trissolcus japonicus)

მავნებლის სიმბიოზური კონტროლი, ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდია, რომელიც გულისხმობს პარაზიტის ბუნებრივი მტერი მწერის შერჩევას, შემოყვანასა და გამრავლებას წინასწარ შერჩეულ გეოლოკაციებზე. იტალიაში განიხილავენ ე.წ. სამურაი კრაზანას (Trissolcus japonicus) შემოყვანა-გამრავლებას.

ამ პარაზიტოიდი კრაზანის ლავრა (ახალშობილი) იკვებება აზიური ფაროსანას კვერცხებით. იტალიურ წყაროებზე დაფუძნებით, ბიოლოგიური კონტროლის ის მეთოდი, რომელიც გამოიყენება სათბურებში, როცა პარაზიტოიდ მწერს წინასწარ ლაბორატორიაში ამრავლებენ და შემდეგ ერთბაშად უშვებენ, ამ შემთხვევაში ვერ იქნება ეფექტური.

ფაროსანას წინააღმდეგ, სამურაი კრაზანის გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა ის ბუნებრივად, უშუალოდ ფაროსანას კვერცხების კვებით გამრავლდეს და ბუნებრივად დამკვიდრდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე. სასურველი შედეგის მისაღწევად რამოდენიმე სეზონია საჭირო.

სამურაი კრაზანა აზიური ფაროსანას კვერცხებში მისი კვერცხების ჩადებისთვის ემზადება

საშუალოდ შედეგი მსგავსი ტიპის პარაზიტოიდის შემოყვანის შემდეგ 6-8 წელიწადში მიიღწევა.

იტალიაში ფაროსანას წინააღმდეგ პარაზიტოიდი მწერით ბიოკონტროლზე კვლევები მრავალი წელი მიმდინარეობდა და მხოლოდ გასულ 2020 წელს გაიცა ნებართვა ლაბორატორიის გარეთ, ბუნებაში, მომხდარიყო პარაზიტოიდის გაშვება. პირველი ადგილი, სადაც სამურაი კრაზანა გაუშვეს არის ჩრდილოეთ იტალია, კერძოდ კი პიდმონტი.

წინასწარ შეირჩა 100 ლოკაცია, სადაც ივნისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე ბუნებაში 2-2 ჯერ გაუშვეს ლაბორატორიაში გამრავლებული სამურაი კრაზანები.

ლოკაციები შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) უნდა ყოფილიყო ისეთი ადგილები, სადაც ფაროსანას საკვები დეფიციტური არ იქნებოდა და, ამავდროულად,

ბ) უნდა ყოფილიყო მიუვალი რელიეფი, ანუ, ისეთი ლოკაციები, სადაც ქიმური წამლობები ვერ ხორციელდება.

ზრდასრული სამურაი კრაზანა ამერიკულ ათ ცენტიან მონეტაზე

რადგან იტალიაში 2020 წლის გაზაფხული მეტად უხვ ნალექიანი გამოდგა, რაც ფაროსანას გამრავლებისთვის არც თუ ისე ხელსაყრელი პირობა იყო, სასურველი შედეგი ამ ტაქტიკამ მხოლოდ 4 ლოკაციაზე აჩვენა. რაც შეეხება დანარჩენ ლოკაციებს, თვალსაჩინო შედეგი ვერ აჩვენა.

სამურაი კრაზანამ მისთვის აუცილებელი ფაროსანას კვერცხები რომ ვერ იპოვა, მათ მოსაძებნად ძალიან დიდ არეალზე გაიშალა და, შესაბამისად, სასურველი შედეგი ვერ დადგა.

2021 წელს იტალიის სახელმწიფოსგან დამატებით გაცემულია ნებართვა, რათა სამურაი კრაზანები საპილოტოდ გაეშვას კიდევ ორ რეგიონში: კამპანიაში და ლაციოში. 

საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, იტალიაში ფაროსანასთან ბილოგიური ბრძოლის პირველად შედეგებზე, უახლოეს თვეებში, კიდევ მივუძვნით სტატიებს.

რაც შეეხება საქართველოს, ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდები აქაც განიხილებოდა, მაგრამ მასზე სერიოზულად მუშაობა მრავალი მიზეზის გამო არ გაგრძელებულა. ერთ-ერთი მიზეზი იყო მოსახლეობის შიში უცხო მწერის მიმართ.

 სამურაი კრაზანა ფაროსანას კვერცხებში

სამურაი კრაზანა ფაროსანას კვერცხებში.

სინამდვილეში, სამურაი კრაზანა ადამიანს საერთოდ არ კბენს, ზომით კი ძალიან მცირეა, ზრდასრული სამურაი კრაზანის სიგრძე, სულ რაღაც, 1-2 მილიმეტრს აღწევს.

ბიოკონტროლის მიზნით სამურაი კრაზანა მრავალი წელია რაც შეყვანილია ძალიან ბევრ ქვეყანაში, თითქმის ყველა კონტინენტზე: აშშ-ში, დასავლეთ ევროპულ ქვეყნებში, ავსტრალიაში და ჩილეშიც კი.

აუცილებელია, რომ საქართველოშიც აქტიურად ვიფიქროთ ფაროსანას ბუნებრივი მტერი მწერის შემოყვანა-გამრავლებაზე.

დღესდღეობით კი, ფაქტი ფაქტად რჩება, ეს მავნებელი ვერც ბუნებამ და ვერც ქიმიურმა წამლობებმა 7 წელია ვერ მოსპო.