Skip to content

თურქეთში საგაზაფხულო ყინვების გამო წელს შედარებით ნაკლებ მოსავალს ელოდებიან

წელს თურქეთში ძლიერი თოვა და უხვი ნალექი აპრილამდე გაგრძელდა.ცუდი ამინდები ზუსტად თხილის ყვავილობის პერიოდს დაემთხვა, შავი ზღვის პირა რეგიონში.

თურქეთში ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, მოსავალი საშუალოდ 10%-ით შემცირდება.ინფორმაციას თურქული ინტერნეტ გვერდი www.ntv.com.tr ავრცელებს.

განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა ორდუში, რომელიც ერთ- ერთი ყველაზე დიდი თხილის მწარმოებელი რეგიონია, თურქეთში.ყინვისგან დაზიანებული კვირტები და ტოტები ყველაზე დიდი ოდენობით ამ რაიონში შეიმჩნეოდა.ფერმერებს, რომლებსაც დაზღვეული ჰქონდათ ბაღები, უკვე მიმართეს შესაბამის სამსახურებს. რეგიონის ხელისუფლებამ ყინვისგან მიყენებული ზიანის დათვლა დაიწყო.

ექსპერტების პირველადი შეფასებებით, წაყინვებმა ის თხილის ბაღები დააზიანა, რომლებიც ზღვის დონიდან 250-500 მეტრიან სარტყელში იმყოფებოდა. ზოგიერთ ადგილას თოვლის სიმაღლე 2.5-3 მეტრამდე აღწევდა.ამ რეგიონებში მოსავლის სავარაუდო დანაკარგი 15%- დან 20%- მდე მერყეობს. თუ თურქეთის ყველა რეგიონის მონაცემს ავიღებთ და გავასაშუალოებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს რიცხვი, სადღაც 5-10%-მდე დაეცემა.

აღსანიშნავია, რომ უფრო დაბალ ზონაში (<250 მეტრი), ყინვა ნაკლები იყო და დაზიანებაც უმნიშვნელოა, ხოლო 500 მეტრზე უფრო მაღალ სარტყელში თხილის მცენარე მიძინებული იყო და აქაც ყინვამ ის ნაკლებად დააზიანა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შავი ზღვისპირა რეგიონში, მიმდინარე წლის მარტი, სავარაუდოდ, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი ამინდით გამოირჩეოდა. წინ თხილის ვეგეტატიული პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა: ნაყოფის გამონასკვის პერიოდია, სადაც ასევე უამრავი კლიმატური რისკია.შემდეგ იწყება ნაყოფის დამსხვილების და ბოლოს მოსავლის აღების პერიოდი. ყველა პერიოდს თავისი რისკები ახლავს.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოშიც თხილის ყვავილობის პერიოდი უჩვეულოდ მკაცრი კლიმატით გამოირჩეოდა.ჩვენი დაკვირვებებით, საბედნიეროდ, დასავლეთ საქართველოში ცუდ ამინდს ჯერ-ჯერობით საგრძნობი უარყოფითი ეფექტი არ მოუტანია.

აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში კი, რადგან თხილის მცენარე შედარებით გვიან იღვიძებს, აქაც რაიმე საგრძნობი დანაკარგები არ შეინიშნება.თუმცა, განსხვავებით თურქეთისა, თუ ყინვები თხილის მოსავალს დააზიანებდა, მას საქართველოში არცერთი სადაზღვევო კომპანია არ აანაზღაურებდა. სამწუხაროდ, საგაზაფხულო წაყინვების რისკს არცერთი სადაზღვევო კომპანია საქართველოში არ აზღვევს.

ჩვენი კავშირი ცდილობს ამ მხრივ რამის სასიკეთოდ შეცვლას, ვნახოთ, სამომავლოდ რა გამოგვივა. ხოლო, რაც შეეხება მოსავლის ოდენობის კონკრეტული რიცხვების დასახელებას, ვთვლით, რომ ამ ეტაპზე რაიმე ზუსტ რიცხვებზე საუბარი და მტკიცება ნაადრევია, ვინაიდან ძალიან ბევრი ცვლადი გვაქვს ამ ტოლობაში. იგივე ეხება თხილის ფასსაც.

ყველა ვინც ამ პერიოდში დაზუსტებით საუბრობს მომავალ თხილის მოსავლის ოდენობასა თუ ფასზე, ავტორის აზრით, დიდია ალბათობა მანიპულირების მცდელობისა.

ასე რომ, მოვუაროთ თხილს და იმედი ვიქონიოთ, რომ წელს თხილის მოსავალიც და ფასიც ჩვენთვის, მეთხილე ფერმერებისთვის, გაწეული შრომისა და ჯაფის შესაბამისი იქნება.