თხილის მოსავლის აღება, დამუშავება და დასაწყობება

ჯ. ოლსენი და ს. რააბი, ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013წ

მოსავლის აღება

თხილის მოსავლის აღება შესაძლებელია მას შემდეგ, რაც ის ხიდან ცვენას დაიწყებს. პროცესის დასაჩქარებლად შეგიძლიათ მსუბუქად შეარხიოთ ხე. სასურველია ჩამოცვენილი თხილის მოგროვება მოასწროთ შემოდგომის წვიმის სეზონის დაწყებამდე.

დამუშავება

თხილის საკვებად მოხმარებამდე ან დასაწყობებამდე, აუცილებელია მისი გაშრობა. შრობა მოსავლის აღებიდან 24 საათში უნდა დაიწყოთ. როგორც წესი, თხილი თავისსავე ნაჭუჭში შრება, თუმცა შესაძლებელია გარჩეული თხილის გაშრობაც. ამ შემთხვევაში, პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდება და უფრო დაბალი ტემპერატურა დაგჭირდებათ შედეგის მისაღებად. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჰაერის ცირკულაცია ისეთივე მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც ტემპერატურა.  ამიტომ, გააშრეთ თხილი ისეთ კონტეინერში, რომელსაც ძირზე ცხაურა აქვს, ან სპეციალურ ხახვის ტომრებში სადაც ჰაერის მოძრაობას ხელი არ შეეშლება.. შრობისთვის ნებისმიერი სათავსოს გამოყენება შეიძლება სადაც ჰაერი თავისუფლად იმოძრავებს. შრობის ოპტიმალური ტემპერატურაა 35-40 გრადუსი ცელსიუსით. თუ ჰაერის სითბო 43 გრადუსზე მეტი იქნება, შრობისას უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტს მივიღებთ.

თხილის შრობას 2-3 დღე სჭირდება. თხილის შეიძლება გავაშროთ უფრო დაბალ ტემპერატურაზეც, თუმცა ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი დრო  დასჭირდება.

თხილის გული, თავიდან მყარია. შრობის პროცესში ღრუბლისმაგვარ, რბილ სტრუქტურას ღებულობს. პროცესის დასრულებისას თხილის გული ისევ მყარდება. იცვლება ფერიც – თეთრიდან კრემისფრისკენ. ფერის ცვლილება იწყება გარედან.

როდესაც ახალი ფერი თხილის გულის ცენტრში მიაღწევს, შრობა სრულდება. ყურადღებით გასინჯეთ ნაყოფის ფერიც და ტექსტურაც, რომ მიხვდეთ, საკმარისად გამომშრალია თუ არა.

მაცივარში ან საყინულეში შენახვა

თხილის მაცივარში შენახვა ან გაყინვა შესაძლებელია როგორც ნაჭუჭით, ასევე გარჩევის შემდგომ. გარჩეული თხილი უნდა მოათავსოთ სპეციალურ გასაყინ  ცელოფნის პარკებში ან კონტეინერებში, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ გარემოდან თხილის გულში არომატებისა და ტენიანობის შეწოვა. გამომშრალი თხილი ტიპიურ მაცივარში ერთი წლით ინახება. იმ შემთხვევაში კი, თუ ნაყოფს -18 გრადუს ცელსიუსზე გაყინავთ,  ის საკვებად გამოსადეგი 2 წლის მანძილზე იქნება.

გრილად შენახვა

თუ მაცივარში ან საყინულეში თხილის შენახვა ვერ ხერხდება, შეეცადეთ, თხილი მაქსიმალურად გრილ ოთახში შეინახოთ. ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 13 გრადუსს, ჰაერი კი უნდა იყოს . ასეთ პირობებში შენახული თხილი უფრო ნაკლები დროის მანძილზე შეინარჩუნებს ხარისხს, ვიდრე გაყინული ან მაცივარში მოთავსებული. მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ოქსიდაცია (ცხიმის ოქსიდაცია თხილს მძაღე გამოს აძლევს),  ობის გამომწვევი სოკოვანი დაავადებები და მავნებლები. თუ გაუტეხავ თხილს ინახავთ, აუცილებლად მოათავსეთ ის დახურულ კონტეინერში. თუ ასე არ მოიქცევით, სათავსოში ინდური ჩრჩილის გაჩენის შემთხვევაში თხილი ერთ სეზონში დამატლიანდება.

თხილის საკვებად მომზადება

თხილის ბუნებრივი არომატი მისი მოხალვით ძლიერდება. მოათავსეთ თხილი ცეცხლგამძლე ჭურჭელში და მოხალეთ ღუმელში 20-30 წუთის მანძილზე, 135 გრადუს ტემპერატურაზე, სანამ კანი დაუსკდება. თბილ თხილს მარტივად გააცლით კანს, თუ უხეში ქსოვილით მსუბუქად დაამუშავებთ. მოხალული თხილი შედარებით მალფუჭებადია, ამიტომ მიირთვით ის თერმული დამუშავებიდან რამდენიმე თვის მანძილზე.

.