კალიფორნიის შტატში ნუშის მწარმოებლებს გვალვამ სერიოზული პრობლემები შეუქმნათ. ზარალი იმდენად დიდია, რომ ფერმერებს იმის განსაზღვრაც უჭირთ, თუ რა რაოდენობის ნუშის გაყიდვას შეძლებენ. მოსალოდნელია ფასის ზრდაც.
კალიფორნია, რომელიც ახლა მაღალ ტემპერატურას ებრძვის, მსოფლიო ნუშის 80%-ს აწარმოებს. ნუში წყლის მოყვარული კულტურაა, შესაბამისად, ამ რესურსის სიმწირე ფერმერებს აიძულებს გადადონ წარმოების გაფართოების გეგმები. ზოგიერთმა მათგანმა ხეების გაჩეხვის გადაწყვეტილებაც კი მიიღო, რადგან ხეების მორწყვა უკვე შეუძლებელი იყო.
სიტუაცია განსაკუთრებით მძიმეა იმის გათვალისწინებით, რომ ნუში და მისგან წარმოებული პროდუქტები (მაგალითად ნუშის რძე) ახლა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ. აშშ-ს ნუშის წარმოება 2010 წელს 725747.792 ტონას შეადგენდა, 2020 წელს კი 1406136.347 ტონას, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფერმერები ისეთ კულტურებზე გადაერთვებიან, რომლებსაც ნაკლებ ინტენსიური მორწყვა სჭირდებათ. შემცირდება ნუშის ექსპორტიც, რომ მეტად აღარ დაზარალდეს მეორადი პროდუქტების წარმოება.
ნუშის გაძვირება, სავარაუდოდ, თხილის ფასზეც იმოქმედებს, რადგან ზოგიერთ პროდუქციაში, მაგალითად საკონდიტრო ინდუსტრიაში, თხილი ნუშის შემცვლელია.
რა ზეგავლენა ექნება ნუშის ცუდ მოსავალს თხილის ფასზე, უახლოეს მომავალში გამოჩნდება. „მეთხილე ფერმერთა კავშირი“ რეგულარულად მოგაწვდით ინფორმაციას მოვლენების განვითარების შესახებ.