როგორ მოვიქცეთ თხილის მოსავლის აღების შემდგომ პერიოდში?

ბორი და თუთიის როლი ყვავილობის და ნაყოფის გამონასკვის პერიოდში.

თხილის მოსავლის აღების შემდგომ, აუცილებელია გაკეთდეს ნიადაგის საკვები ნივთიერებების ანალიზი. თხილის კვების უმნიშვნელოვანესი ფაზა მოსავლის აღების შემდგომი პერიოდია, სწორედ აქედან იწყება მომავალი წლის მოსავალზე ზრუნვა.

თხილის მცენარეს გააჩნია სპეციფიკური კვებითი მოთხოვნილებები შემოდგომა-გაზაფხულის პერიოდში.

თხილის ყვავილობა იწყება მამრობითი ყვავილების ყვავილობით, რაც გამოიხატება ე.წ მჭადა ყვავილების ფორმირებით. ამ პროცესს შემდგომ მოსდევს მდედრობითი ყვავილების ყვავილობა.

ეს არის ორი ძირითადი ეტაპი, რასაც უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება იმისათვის, რომ მივიღოთ ოპტიმალური ნაყოფის გამონასკვა.

ზამთრის დადგომამდე, თხილი ივსებს საკვები ნივთიერებების რეზერვებს, რასაც იგი იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ყვავილი შეინარჩუნოს, ანუ, შეამციროს ყვავილების ნაადრევად ცვენა.

კარგად უზრუნველყოფილი საკვები ნივთიერებების რეზერვები ეხმარება მცენარეს გაზარდოს პროდუქტიულობა და შეამციროს კლიმატური სტრესით გამოწვეული ნეგატიური ფაქტორები. 

ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის აღების შემდგომ, ფოთოლცვენის დადგომამდე, დავეხმაროთ თხილის მცენარეს ყვავილობისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების რეზერვების შევსებაში.

– ბორისა და თუთიის როლი.

ბორი და თუთია მნიშვნელოვანი ელემენტებია უხვი და თანაბარი ყვავილების წარმოსაქმნელად, მდედრი კვირტების სრულად გასახსნელად და გასაზრდელად.

ბორი, განსაკუთრებულად ეხმარება მცენარეს ნაყოფის გამონასკვაში. ბორი ეხმარება მცენარეს, როგორც ყვავილის მტვრის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდაში, ისე მის რეგულარულ წარმოებაში, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია, როდესაც ყვავილობისას ჭარბად ნალექიანი ამინდია.

გასათვალისწინებელია, ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ბორის დეფიციტის ან ზედმეტობის დადგენის მეთოდოლოგია იმდენად გავს ერთმანეთს, რომ შეცდომის რისკი ძალზედ დიდია.

ზოგადად ტუტე ნიადაგში ბორის შემცველობა მაღალია, ამიტომ მოსავლის აღების შემდგომი პერიოდში – ბორის შემცველი სასუქით გამოკვება, როგორც წესი, საკმარისია  ეფექტური შედეგის მისაღწევად, ხოლო მჟავე ნიადაგებშის  ბორის შეტანა რეკომენდებულია ვეგეტაციურ პერიოდის დასაწყისში.

რაც შეეხება თუთიას, იგი უზრუნველყოფს იმ ამინომჟავის სინთეზს, რაც ხელს უწყობს აუქსინის (ზრდის ჰორმონის) წარმოქმნას მცენარეში. ეს პროცესი აჩქარებს ყვავილის მტვრის მილისას დაგრძელებისთვის საჭირო უჯრედების ზრდას, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მტვერმა ჩააღწიოს ბუტკოს ქვედა ნაწილში და ნაყოფი გამოინასკვოს.

თუთია, ასევე ხელს უწყობს, საკვები ნივთიერებების შემწოვი, გვერდითი ფესვების განვითარებას. ეს დამხმარე ფესვები მცენარეს, ფაქტობრივად, უმზადებს საკვები ნივთიერებების მარაგს, რაც კარგი საშუალებაა ზამთრის გადალახვისა და სწრაფი ვეგეტატიური სტარტისათვის.