2020 წლის სეზონის თხილის მოსავლის ექსპორტის შეჯამება თურქეთში

თურქეთი თხილის ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში, იქ მიმდინარე პროცესებს პირდაპირი გავლენა აქვს საქარველოში თხილის ინდუსტრიაზე. თხილი კი ყველაზე დიდი საექსპორტო აგრო პროდუქტია საქართველოში.

მას შემდეგ, რაც დაიწყო 2021 წლის მოსავლის აღება ჩვენს მეზობელ თურქეთში, საინტერესოა გადავხედოთ გასულ წელს. როგორი შედეგიანი იყო იგი თურქეთისთვის? 

თურქეთში 2020 წლის მოსავლის, როგორც ოდენობა, ისე ღირებულება შემცირებულია 2019 სეზონის მაჩვენებლებთან შედარებით. როგორც შავი ზღვის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციამ განაცხადა, 2020 სეზონის მოსავლიდან 51 ათასი ტონით ნაკლები თხილის ექსპორტი განხორციელდა, ვიდრე წინა სეზონზე. თანხობრივად ამ რიცხვმა დაახლოებით 300 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

თურქეთში 2020 წლის სეზონი დაიწყო 1 სექტემბერს და დასრულდა 2021 წლის 31 აგვისტოს, ანუ მაშინ, როცა შემდეგი სეზონის მოსავლის აღება დაიწყო.

თურქეთში 2020 მოსავალის (გულზე გადაანგარიშებით) ექსპორტმა შეადგინა 292 000 ტონა, რამაც 2 მილიარდ 10 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტის ვალუტა მოუტანა ქვეყანას. 2019 წელთან შედარებით ეს რიცხვი საგრძნობლად არის შემცირებული: საექსპორტო მოცულობა 2019 წ სეზონზე იყო 344 000 ტონა, 2 მილიარდ 312 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებით. 

თუ როგორი იქნება თურქეთში თხილის მოსავალი 2021 სეზონზე, არაერთგვაროვან ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა წყაროები. თავდაპირველად, საუბარი იყო 800 000 ტონა გაუტეხავ თხილზე, შემდგომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს რიცხვი 686 412 ტონამდე შეამცირა. ფაქტია, რომ მოსავლის აღების დროს ჭარბმა ნალექებმა ეს რიცხვი კიდევ უფრო შეამცირა. უხვი ნალექი მოსავლის აღების დროს ნეგატიურად აისახება, როგორც მოსავლის რაოდენობაზე, ისე ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. როგორ ასახვას ჰპოვებს ეს ყველაფერი თხილის ფასებზე უახლოეს კვირებში გამოჩნდება. ჩვენ კი, საქართველოში, იმედს ვიტოვებთ, წლევანდელ წელს მოვახერხებთ სრულად ინდუსტრიის რეაბილიტირებას აზიური ფაროსანას ზიანისგან და მომავალ წელსაც ზრდის მაღალ ტემპს შევინარჩუნებთ.