Skip to content

თხილის წარმოების პრობლემები თურქეთში

თხილი შავი ზღვის რეგიონის მთავარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია. მისი როლი განსაკუთრებით დიდია თურქეთის ეკონომიკაში – თხილის ექსპორტს ყოველწლიურად 1.5-3 მილიარდი დოლარი მოაქვს ქვეყნისთვის, რაც საერთო ექსპორტირებული აგრო -პროდუქტების 10%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი ექსპორტის 1.5-2%-ს.

თხილის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობენ პარლამენტში, სოფლის მეურნეობის სამინისტროში და მეთხილეობის კვლევით უნივერსიტეტებში. თუმცა, ბევრი პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება. ამ საკითხების გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის თურქული მხარე ხშირად ატარებს მასშტაბურ კვლევებს, რომელთა მიზანიც მეწარმეების დახმარებაა. 

2009 წელს სახელმწიფომ გადაწყვიტა გამიჯნულიყო თხილის წარმოების სექტორთან და განაცხადა, რომ აღარ ჩაერეოდა იქ მიმდინარე პროცესებში. ეს გადაწყვეტილება მიიჩნიეს არასწორად და შეცვალეს 2018 წელს. მთავრობამ გარკვეული ზომები მიიღო ადგილობრივი მწარმოებლების მონოპოლისტური მულტინაციონალური კომპანიებისგან დასაცავად. საქმეში TMO ჩაერთო. მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად TMO-მ თხილის მინიმალური ფასი დაადგინა ბაზარზე.

გასული წლის მოვლენებმა საერთო სიტუაცია ინდუსტრიაში დაამძიმა. პანდემიის შედეგად მწარმოებლებს მნიშვნელოვნად გაეზარდათ ხარჯები – გაძვირდა სასუქი, დიზელის საწვავი, პესტიციდები და სხვა პროდუქტები. ამ ყველაფრის შედეგად ქვეყანამ საკმაოდ სერიოზული შემოსავალი დაკარგა ექსპორტის შემცირების ხარჯზე.

თურქეთში, თხილის  ინდუსტრიაში, რჩება რიგი პრობლემები, როგორებიცაა  ლიცენზირებული სასაწყობე მეურნეობის არარსებობა, თხილის ხეების გადაბერება, ბაზრის წილის შემცირება, დაბალი მოსავლიანობა ერთ ჰექტარზე, მიწის ზომის თანდათანობით შემცირება თითო მწარმოებლისთვის და სხვა. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ თხილის 65% ექსპორტირდება როგორც ნედლეული, გადამუშავების გარეშე.

პრობლემების იდენტიფიცირება და მათი უყურადღებოდ დატოვება ქვეყნის ეკონომიკას აზარალებს. თხილის მხოლოდ 15% ექსპორტირდება როგორც მოხალული, მხოლოდ 20% კი როგორც მზა პროდუქციის სახით, როგორიცაა ვაფლი, ორცხობილა და ა.შ. დანარჩენი 65% გადის გატეხილი და გაუტეხავი თხილის გული. ქვეყანა დაახლოებით 8-10 მილიარდ დოლარს კარგავს ყოველწლიურად იმის გამო, რომ ვერ ხერხდება თხილის გულისგან საბოლოო პროდუქციის შექმნა თურქეთში და გაედინება ქვეყნიდან, როგორც ნედლეული.

2020 წლის მოსავლის შესყიდვა საინტერესო ფაზაში შედის. ოპორტუნისტულმა კომპანიებმა, იცოდნენ რა, რომ TMO თხილის შესყიდვას 30 აპრილს შეწყვეტდა, შესყიდვის ფასი 20.25ლირამდე (2.45$) დაწიეს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ თურქეთს სურს თხილიდან მიღებული შემოსავალი გაზარდოს, TMO-მ უნდა გაახანგრძლივოს შესყიდვის პერიოდი, განაახლოს ფასი და განაცხადოს, რომ ბაზარზე რჩება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავალს დაკარგავს არამხოლოდ თურქეთი, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონი.