სასოფლო მეურნეობაში პესტიციდების გამოყენება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. როდესაც მათ უარყოფით მხარეებს განვიხილავთ, პირველი, რაც გვახსენდება წყლისა და ჰაერის დაბინძურებაა, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ არანაკლები ზიანი ადგება ნიადაგსაც.
მიწა ბიოლოგიურად აქტიური მიკროორგანიზმებითაა სავსე. მათ ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ – საკვები ელემენტების ციკლი, ნიადაგის სტრუქტურის შენარჩუნება, ნახშირბადის ტრანსფორმაცია და მავნებლებისა და დაავადებების რეგულირება. სასოფლო მეურნეობის მასშტაბების ზრდამ და პესტიციდების გამოყენებამ არაერთი მიწისქვეშ მცხოვრები უხერხემლო სახეობა მიიყვანა გადაშენების პირას, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მოსავალს არანაირ საფრთხეს არ უქმნიან.
სხვადასხვა კვლევების თანახმად, აშკარაა, რომ თითქმის ყველა სახის პესტიციდი რეალურ საფრთხეს უქმნის ნიადაგის უხერხემლო ბინადრებს.
ორეგონის შტატის ბიომრავალფეროვნების ცენტრისა და მერილენდის უნივერსიტეტის ენტიმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც პესტიციდების გავლენის განსაზღვრა იყო სხვადასხვა მიკროორგანიზმზე. მეცნიერებმა შეისწავლეს ორგანიზმების სიკვდილიანობა, სიმრავლე, ბიომასა, ქცევა, რეპროდუქცია, ბიოქიმიური ბიომარკერები, ზრდა, მრავალფეროვნება და სტრუქტურული ცვლილებები.
ამის შედეგად მოხდა 2,800-ზე მეტი ცალკეული „შემოწმებული პარამეტრის“ ანალიზი, რომელიც ზომავდა სპეციფიკური პესტიციდის ზემოქმედებას კონკრეტულ ორგანიზმზე.
ტესტირებული პარამეტრების 70.5%-მა აჩვენა უარყოფითი გავლენა, 1.4%-მა – დადებითი, ხოლო 28.1% – მა ვერ გამოავლინა მნიშვნელოვანი ეფექტი გამოსაკვლევ ობიექტზე.
უარყოფითი ეფექტები აშკარაა როგორც ლაბორატორიულ, ასევე საველე კვლევებში – პესტიციდების ყველა შესწავლილი კლასი მიწისქვეშ მცხოვრებ ორგანიზმების აზიანებს.
ეს შედეგი ხაზს უსვამს რისკისა და სარგებლის შეფასების მნიშვნელობას. მანამ, სანამ პესტიციდს შევარჩევთ და გამოვიყენებთ, აუცილებელია ვიცოდეთ რა სახის მიკროორგანიზმები ბინადრობენ ნიადაგში, რა სარგებელი თუ ზიანი მოაქვთ მათ. მხოლოდ ამ ფაქტორების გათვალისწინებით იქნება შესაძლებელი ნიადაგისთვის და ზოგადად, მთელი ეკოსისტემისთვის მიყენებული ზიანის შემცირება იმგვარად, რომ ჩვენი მოსავალიც არ დაზარალდეს.