Skip to content

თხილის ფოთლოვანი კვება – ნაწილი I

თხილის ფოთლოვანი კვება –  ეფექტური საშუალება, თუ წყალში გადაყრილი ფული? ყველა ფერმერს გასჩენია ეს შეკითხვა ფოთლოვანი სასუქების გამოყენების გადაწყვეტილების მიღების წინ.

რომელი ფოთლოვანი სასუქი დებს ყველაზე თვალსაჩინო ეფექტს თხილის კულტურაში?

ამ კითხვაზე, როგორც უამრავ სხვა საკითხზე, საქართველოში ოფიციალური კვლევა  ადგილობრივ ჯიშებზე, კლიმატზე, თუ ნიადაგებზე ჯერ არ გაკეთებულა. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმეს მსგავსი ცდები უწარმოებია, ფერმერების ფართო საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. ამიტომ იძულებულები ვართ, რომ დავეყრდნოთ უცხოურ ლიტერატურას ან/და ვიხელმძვანელოთ პირადი გამოცდილებით.

ზოგადად, ფოთლოვანი საკვები ელემენტები იყოფა სამ ჯგუფად: პირველადი ელემენტები, მეორადი ელემენტები და მიკრო ელემენტები. ამ ჯგუფებიდან მხოლოდ მიკრო ელემენტების შევსებაა სრულად შესაძლებელი ფოთლოვანი კვებით. პირველადი და მეორადი ელემენტების ძირითადი მოთხოვნილების შესავსებად აუცილებელია ნიადაგიდან მისაცემი სასუქები.

პირველად ელემენტებში შედის აზოტი, ფოსფორი და კალიუმი. ეს ნივთიერებები იმდენად დიდი ოდენობითაა საჭირო, რომ მაგ ოდენობას ფოთლიდან შეტანით სრულად ვერასდროს უზრუნველყოფთ. ფოთლიდან ეს ელემენტები კლიმატური სტრესის დადგომამდე ან, დადგომის შემდგომ არის საჭირო რომ მივაშველოთ, მაგალითად, ადრე გაზაფხულზე, როცა მცენარე სრულად გაღვიძებული არაა და ეფექტურად ვერ ახერხებს ფესვიდან საკვები ნივთიერებების მიწოდებას. კლიმატური სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ძლიერმა ქარმა, ჭარბმა ნალექმა, ზედმეტად ცივმა ან, ცხელმა ტემპერატურამ, გვალვამ და ა.შ..

მეორადი ელემენტები აერთიანებს გოგირდს, კალციუმსა და მაგნიუმს. ამ ნივთიერებებს შედარებით ნაკლები ოდენობით მოიხმარს მცენარე, ვიდრე პირველ ჯგუფში არსებულ ნივთიერებებს, თუმცა მაინც საკმაო ოდენობით ესაჭიროება. იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგუფში არსებული მიკრო ელემენტები ძლიერ დეფიციტში არაა, მათი მიწოდება შეიძლება ფოთლოვანი გამოკვებით. ძლიერი დეფიციტის დროს უმჯობესია ნიადაგიდან შევიტანოთ.

და ბოლოს, მესამე ჯგუფში შედის მიკრო ელემენტები. ესენია, რკინა, ბორი, მანგანუმი, თუთია, სპილენძი, მოლიბდენი. ყველა ნივთიერებას თავისი როლი აქვს მცენარის ზრდა-განვითარებაზე, დაავადების მიმართ მედეგობაზე, ნაყოფის ხარისხზე და ასე შემდეგ. ამ ნივთიერებების მიწოდება სასურველია ფოთლოვანი გზით, სეზონზე, მინიმუმ 3-ჯერ, აპრილის მეორე კვირიდან ივნისის პირველი კვირის ჩათვლით. ეს პერიოდი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროს ემთხვევა კლიმატური სტრესი და ნაყოფის გამონასკვა. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ჯერ კიდევ არაა ფოთლის კანი, ეპიდერმისი გაუხეშებული და ფოთლოვან სასუქს შეღწევის უნარი ძალიან დიდი აქვს. ივნისის მეორე ნახევრიდან ფოთლის კანი უხეშდება და ფოთლოვანი სასუქის შეღწევადუნარიოანობა მცირდება.

ფოთლოვანი კვების პროგრამის დაგეგმისას აუცილებელია, რომ სპეციფიკა ვიცოდეთ, რადგან ყველა ტიპის სასუქის ერთმანეთში შერევა არ შეიძლება. ეფექტი არ ექნება და შესაძლოა შესაწამლი აპარატიც მარტივად დააზიანოთ. სხვა ნივთიერებებთან  ყველაზე  რთულად თავსებადი ნივთიერებაა კალციუმი, რომელიც, ამავდროულად, უაღრესად მნიშვნელოვანი ელემენტია მცენარისათვის. 

გვახსოვდეს, რომ სწორად დაგეგმილი კვებითი პროგრამით შესაძლებელია რიგითი თხილის ბაღის მოსავლიანობა 3 ტონას გადავაცილოთ. ეს არ მოხდება ერთ სეზონზე, თუმცა 2 სეზონის კარგად მოვლის შემდეგ, სრულიად შესაძლებელია, რომ 1 ჰა-ზე 3 ტონა, ან მეტი მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი მივიღოთ. მთავარია, რომ გამოიძებნოს გზები, თუ როგორ მოხდება ამ 2 სეზონის მოვლისთვის საჭირო იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომის გამარტივება ფერმერებისათვის, რაც თავის მხრივ, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია. ერთია ვიცოდეთ, როგორ მოვუაროთ, მეორეა გვქონდეს საშუალება, რომ მოვუაროთ. იმ შემთხვევაში, თუ ფერმერი შეძლებს 1 ჰექტარზე 3 ტონა მაღალი გამოსავლიანობის მქონე თხილის მოსავლის მიღებას, რაც არ უნდა დაბალი ფასი ღირდეს თხილი, ფერმერი ფინანსურად არასოდეს იზარალებს.

იხილეთ სტატიის მეორე ნაწილი აქ.