Skip to content

აზერბაიჯანში თხილის წარმოება ყოველწლიურად მზარდია

აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით, 2022 წლის პირველ ნახევარში აზერბაიჯანი თხილის მოსავლის მოცულობით მესამე ექსპორტიორი ქვეყანაა მსოფლიოში. 2021 წლის მოსავალი კი 67 000 ტონას შეადგენდა.

თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, აზერბაიჯანი თხილისა და მისგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტში მესამე ადგილს ინარჩუნებს 2017 წლიდან.

აზერბაიჯანიდან ექსპორტი ხორციელდება 25-ზე მეტ ქვეყანაში. მათ შორის იტალიაში, რუსეთში, გერმანიაში, საქართველოში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ბელორუსიაში, საფრანგეთში, შვეიცარიასა და უკრაინაში. მთავარი იმპორტიორები არიან იტალია და გერმანია.

მთავრობა ფერმერების საქმიანობის წასახალისებლად წლიურ გრანტს გასცემს. ამასთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ამჟამად ახორციელებს 1.3 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს, რომელიც ემსახურება ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ახალი საწყობების მოწყობას.

აზერბაიჯანის თხილის ექსპორტიორთა კორსოციუმის მონაცემებით, თხილის პლანტაციების რაოდენობა ყოველწლიურად, საშუალოდ 4-5%-ით იზრდება. 2021 წელს, ჩრდილოეთ შაქის რაიონში 790 ჰექტარი თხილის პლანტაცია გაშენდა.

აზერბაიჯანის კლიმატი იდეალურია მებაღეობისთვის და გადამამუშავებელი მრეწველობაც ყოველწლიურად, სტაბილურად იზრდება. ქვეყანაში, ამჟამად, თხილის რვა სხვადასხვა ჯიშია მოყვანილი, მაგრამ ყველაზე მეტად გავრცელებულია ათაბაბა (ზაგატალა), რომელიც უძველესი ადგილობრივი ჯიშია და ფერმების თითქმის 90%-ზე იზრდება. თხილის წარმოება, ძირითადად, მიმდინარეობს კახის, ზაქათალისა და ბელაქანის ჩრდილოეთ რაიონებში.

აზერბაიჯანის თხილის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა კონსორციუმი თხილის სექტორის მთავარ მოთამაშედ ითვლება და შედგება ხუთი ძირითადი ეროვნული ექსპორტიორისა და 12000 ინდივიდუალური ფერმერისგან. სწორედ, კონსორციუმი ახორციელებს თხილის ექსპორტს გლობალურ ბაზარზე, ექვსი სხვადასხვა სახით, მათ შორის: ნაჭუჭიანს, დაჭრილს, დაფხვნილს და გადამუშავებულს.

წყარო: www.caspiannews.com