Skip to content

რატომ იკლებს თხილის ფასი?

თავისუფალ ბაზარზე თხილის ფასი ყოველდღიურად კლებულობს, რაც თხილის მწარმოებლებისთვის სერიოზული პრობლემაა. მეთხილე ფერმერები ვარაუდობდნენ, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მას შემდეგ, რაც თურქეთი თხილის მინიმალურ ფასს დაადგენდა და შესყიდვას დაიწყებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

პირველ სექტემბერს თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც აგრო-პროდუქტების ბაზარს არეგულირებს, ვაჭრობაში ჩაერთო, რაც როგორც წესი, თხილის ფასის ზრდას განაპირობებს ხოლმე. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადების თანახმად, გირესუნის რეგიონის თხილის ფასი 27 თურქული ლირა(9.91 ლარი) უნდა ყოფილიყო, ლევანტის თხილის – 26.5 თურქული ლირა (9.72 ლარი) .

ამის მიუხედავად, თხილი თავისუფალ ბაზარზე დაახლოებით 3.5 ლირით (1.28 ლარი) ნაკლებად იყიდებოდა, ანუ, იმაზე უფრო იაფად, ვიდრე თურქეთის სახელმწიფო ორგანიზაცია ყიდულობდა თხილს.

რა გახდა ამის მიზეზი?

მიზეზი საკმაოდ პრიმიტიულია, თხილის სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია ფულს რიცხავდა თხილის ჩაბარებიდან 21-ე დღეს. სკოლა თურქეთში კი 6 სექტემბერს იწყება. წელს მოსავლის აღება ოდნავ დაგვიანდა, ნალექიანი ამინდების გამო. რადგან ფერმერები ფულის ჩარიცხვას 21 დღეს ვერ დაელოდნენ, დაიწყეს თხილის თავისუფალ ბაზარზე გაყიდვა, რამაც ფასის ვარდნა გამოიწვია. თურქეთში ფასის ვარდნა კი მსოფლიო თხილის ფასზე მყისიერად აისახა.

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში მცირე მიწიანი ფერმერების მიერ მოყვანილი თხილის საშუალო გულის გამოსავლიანობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თურქი ფერმერების. განსაკუთრებით კი ფაროსანას გამოჩენის შემდგომ. ესაა მთავარი მიზეზი იმისა თუ რატომ უხდიან საქართველოში გაცილებით ნაკლებ ფასს ფერმერს, ვიდრე თურქეთში. აღსანიშნავია ასევე, რომ ამ პერიოდში ფერმერები, როგორც წესი, მოსავლის ყველაზე დაბალხარისხიან წილს ყიდიან, ხოლო, შედარებით მაღალი ხარისხის თხილს კი ინახავენ იმ პერიოდისთვის, როცა თხილის ფასი მათთვის მისაღებ ნიშნულს მიაღწევს. დაბალ ხარისხიან თხილში კი შემყიდველი ქარხნები შესაბამის ფასს იხდიან. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, თხილის ფასი უახლოეს დღეებში დიდად არ შეიცვლება, ხოლო მატებას სექტემბრის ბოლოდან უნდა ველოდოთ.

მოიწონეთ ჩვენი ფეისბუქ გვერდი და თვალყური ადევნეთ თხილის ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენებს.